„თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ - თბილისში I მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ ორგანიზებით, I მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია - „თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ გაიმართა.
კონფერენციამ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაქვემდებარებული სახელმწიფო კლინიკების-თბილისის, რუხისა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოებისა და ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ექიმებსა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს უმასპინძლა.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს კლინიკური გამოცდილება, თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიდგომები და განიხილეს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში არსებული აქტუალური საკითხები და გამოწვევები.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის, კრიტიკული მედიცინის, ზოგადი ქირურგიის, კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის, შინაგანი მედიცინის, რადიოლოგიის, ფთიზიატრია-პულმონოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მიმართულებებს.
ღონისძიების დასასრულს მონაწილე ექიმებს სერტიფიკატები გადაეცათ და მათ 12 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულა მიენიჭათ.
კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოები და ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო სახელმწიფო კლინიკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.







